ევროპის ფონდისა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მეურვეთა საბჭოს წევრები საქართველოს ვიცე-პრემიერს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას შეხვდნენ და სამინისტროს მიერ განხორციელებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებს გაეცნენ. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ - მეურვეთა საბჭოს თავმჯდომარე დევიდ ლი, გერმანელი დიპლომატი დიტერ ბოდენი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ყოფილი ხელმძღვანელი მერი შიანი და სხვ.
დღეისათვის ევროპის ფონდს 20 მილიონ აშშ დოლარზე მეტი აქვს დაბანდებული საქართველოში გრანტებისა და ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამების სახით, ევროპის ფონდის ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამა ფონდის ერთ-ერთი წამყვანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობისა და მოხალისეობის გაზრდას, ადგილობრივ თემებში არსებული საჭიროებების მოსაგვარებლად.
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრს კვლევითი საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და დღემდე, 130-ზე მეტი კვლევა აქვს ჩატარებული სამი ქვეყნის მასშტაბით (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე, მათ შორის, კვლევები ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის, მოზარდთა კეთილდღეობის და სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების შესახებ.