განათლების საერთაშორისო ცენტრს, კამპუს ფრანსსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვებული საქართველოს 15-მდე მოქალაქე სწავლას საფრანგეთში, სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს. პროგრამა ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე საფრანგეთში ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას.
აღსანიშნავია, რომ ქართულ-ფრანგული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, 2016-17 სასწავლო წლის მანძილზე, საქართველოს 16 მოქალაქე უკვე დაფინანსდა და საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლობს.
განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014-2017 წლებში კონკურსის წესით სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში, საქართველოს 341 მოქალაქე დააფინანსა საზღვარგარეთ განათლების მისაღებად.