საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა სომხეთის განათლების და მეცნიერების მინისტრთან ლევონ მკირტიჩიანთან, სადაც მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
ვიზიტისას ხელი მოეწერა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტების გაცვლას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მიზნით და მათთვის სტიპენდიების გამოყოფის საკითხს, ასევე, სპეციალური სამუშაო ჯგუფების შექმნას, რომლიც იმუშავებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების, აგრეთვე მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის კონკრეტულ საკითხებზე.
ერევანში ვიზიტისას მინისტრი ეწვია ანტიკურ ხელნაწერთა ინსტიტუტს - მატენადარანს და იქ დაცული უძველესი ექსპონატები დაათვალიერა, ასევე მოინახულა მხითარ სებასტაცის სახელობის საგანმანათლებლო კომპლექსი, სადაც ქართული ენა ისწავლება. ალექსანდრე ჯეჯელავა „თუმოს“ კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრში არსებულ სწავლების პროგრამებსაც გაეცნო და სტუდენტებს შეხვდა.