პროფესიული განათლების მასწავლებლები ტურიზმისა და მშენებლობის მიმართულებით, სასწავლო ტურით სლოვაკეთის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვევიან. სასწავლო ტურის ფარგლებში მასწავლებლებს საშუალება ექნებათ დააკვირდნენ სასწავლო პროცესს, სამუშაო და სასწავლო გარემოს, სამუშაო შეხვედრები გამართონ სლოვაკელ კოლეგებთან და დაამყარონ მათთან თანამშრომლობა.
პროფესიული განათლების მიმათულებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მნიშვნელოვან რეფორმას ახორციელებს, რაც ბევრ არსებით სიახლესთან ერთად, სისტემაში პროფესიული მოდულური და დუალური განათლების დანერგვასაც გულისხმობს. რეფორმის დანერგვის ფარგლებში, მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნას იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც, საქართველოს მსგავსად, განახორციელეს წარმატებული პროფესიული განათლების რეფორმა თავიანთ ქვეყანაში. ასეთი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება სლოვაკეთიც, რომელსაც ავსტრია დაეხმარა პროფესიული განათლების რეფორმაში და იგი სრულად იქნა ჰარმონიზებული ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან.
სასწავლო ტურის წინ მასწავლებლებს ჩაუტარდათ საინფორმაციო სახის ტრენინგი როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ, ასევე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე. სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე და საქართველოს განათლების და მეცნიერების პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი პროფესიულ მასწავლებლებს შეხვდნენ და სასწავლო ტურში წარმატებები უსურვეს.
სასწავლო ტურიდან დაბრუნების შემდეგ პროფესიული მასწავლებლები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებს კოლეგებთან სლოვაკეთში მიღებული გამოცდილების გაზიარების მიზნით.