განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის №42 საჯარო სკოლას ეწვია, ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ძველი სტატუსი დაუბრუნა და საჩუქრად 10 კომპიუტერი გადასცა. შეხვედრას №42 სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მათ მშობლები დაესწრნენ.
№42 საჯარო სკოლა წლების მანძილზე ფუნქციონირებდა როგორც ილია ვეკუას სახ. ფიზიკა-მათემატიკური სკოლა. სასკოლო და საერთაშორისო ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებებითა და უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთა სტატისტიკით 42-ე საჯარო სკოლა ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი მოსწავლეები წარმატებულები არიან არა მარტო ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში არამედ, ჰუმანიტარულ საგნებშიც. ძირითადად 42-ე სკოლის მოსწავლეებით კომპლექტდება ქვეყნის ნაკრები ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირებზე, რომელიც ყოველწლიურად იმართება და მასში ქართველი მონაწილეები სისტემატიურად იმარჯვებენ.
2009 წლის ეროვნულ გამოცდებზე სკოლამ საუკეთესო მაჩვენებლებს მიაღწია. კურსდამთავრებულთა 53%-მა 100%-იანი გრანტი მოიპოვა, რაც მთავარია კურსდამთავრებულთა 75% არ ემზადებოდა რეპეტიტორთან და სკოლაში მიღებული ცოდნით აღწევს წარმატებებს.