საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს - SEU, Block invest-სა და Vatel ჯგუფს შორის საერთაშორისო უნივერსიტეტის, „Vatel Georgia”-ს გახსნის თაობაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელის ოფიციალურ პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ვიცე პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით, „ვატელი“ ნომერ პირველი ბიზნეს სკოლაა, რომელიც ევროპული მენეჯმენტის მეთოდზე და ფრანგულ კულტურაზე დაყრდნობით ასწავლის. მას მსოფლიოს მასშტაბით 35 უნივერსიტეტი აქვს გახსნილი, ჰყავს 7 000 სტუდენტი და 30 000 კურსდამთავრებული.
სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის საერთაშორისო უნივერსიტეტი „Vatel Georgia” საქართველოში - ფრანგულ (საერთაშორისო) დიპლომს გასცემს. სასწავლო პროცესი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) კამპუსში შედგება და სტუდენტები სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტს ინგლისურ ენაზე შეისწავლიან. „Vatel Georgia”-ს აკადემიური პროგრამა მოიცავს როგორც ბაკალავრიატს, ასევე მაგისტრატურას. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დაამთავრონ პროფესიული განვითარების კურსებიც.
საერთაშორისო მნიშვნელობის ახალი უნივერსიტეტის გახსნა, სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ინიციატივასთან - „ისწავლე საქართველოში“, რომლის მიზანია საქართველო რეგიონში საგანმანათლებლო ცენტრად იქცეს.