აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრისა და ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს მიწვევით, პროექტის ,,ესტონური რეფორმის გამოცდილება და ესტონელი ექსპერტების შუამდგომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ესტონეთში იმყოფებოდნენ, სადაც მოხდა შიდა აუდიტის ფუნქციის ჩამოყალიბებისა და განვითარების საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, პრაქტიკაში დანერგილი მეთოდოლოგიის, მიდგომებისა და სამუშაო დოკუმენტების გაცნობა.
საქართველოს წარმომადგენლებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ორდღიან კონფერენციაში „სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის შიდა აუდიტორთა მრგვალი მაგიდა 2017“, რომლის ფარგლებშიც, განვითარებულ ქვეყნებში (ნორვეგია, ფინეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია) შიდა აუდიტის უახლეს ტენდენციებს, მიდგომებსა და საუკეთესო გამოცდილებას გაეცნენ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ესტონურმა მხარემ გამოხატა შემდგომი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის გაძლიერებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან მეტად დაახლოების მიზნით, საჭირო ღონისძიებების მხარდაჭერის მზაობა.