„ჩვენი გამარჯვება დამოკიდებულია რწმენასა და იმედზე, რომელსაც თქვენ გვაძლევთ“, „თქვენი პატარა გულით ნათქვამი ეს სიტყვები ჩვენთვის ბევრს ნიშნავს“, „მიხარია, რომ ასეთი მაგარი ხალხი, როგორიც შენ და შენი მეგობრები ხართ, ჩვენზე ღელავენ“... ასე იწყება საპასუხო წერილები, რომელიც ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მყოფი ჯარისკაცებისაგან მიიღეს. ბარათები მოზარდებმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს, პროექტის - „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში, რამდენიმე თვის წინ გაუგზავნეს.
პატარები გზავნილებში სამშობლოსაგან შორს მყოფ სამხედროებს თანადგომას უცხადებენ და მათი ცხოვრების წესით ინტერესდებიან: „თქვენ ჩემთვის საქართველოს ერთგული ადამიანები ხართ“, „მინდა ყველა ქართველმა მოგბაძოს და სამშობლოს სიყვარულში შეგეჯიბროს“, „ერთად დავიცვათ სამშობლო“, „მამაცო ჯარისკაცო, ბევრი რამ მაინტერესებს - როგორ ვარჯიშობთ, რითი გადაადგილდებით?“... წერილების ადრესატები საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროები იყვნენ, რომლებიც ბაგრამის საავიაციო ბაზაზე არიან დისლოცირებული.
დღეს, ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე ავღანეთის სამშვიდობო მისიიდან დაბრუნებულ სამხედროებთან ერთად ესტუმრნენ. მათ სკოლის IV-V კლასების მოსწავლეებს ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ ავღანეთიდან გამოგზავნილი საპასუხო წერილები გადასცეს. სამხედროებმა და მოსწავლეებმა წერილები ერთად გახსნეს და წაიკითხეს. ღონისძიება ვიდეოკონფერენციით გაგრძელდა. მოსწავლეებს დამეგობრებულ ჯარისკაცებთან საუბრისა და კითხვების დასმის საშუალებაც მიეცათ.
“წერილი ჯარისკაცებს" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს.
პროექტის მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა.