საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა საბჭო ყოველთვიურად იკრიბება და იმ საკითხებს განიხილავს, რომელიც საქართველოს ყველა სკოლისთვის მნიშვნელოვანია. მათ შორის არის პრობლემური თემებიც, რაც ცალკეულ სკოლებს აერთიანებს, სწორედ თითოეულ მათგანზე მსჯელობა და მათი გადაჭრის გზების ძიება არის საბჭოს დანიშნულება. მორიგი სხდომა დღეს, თბილისის 117-ე საჯარო სკოლაში გაიმართა და მას საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა წარმართვდა.
სკოლის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა სამ მნიშვნელოვან საკითხზე - სასკოლო განათლების სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასების შედეგები, საზაფხულო ბანაკების პროექტი, რომელიც წელს სრულიად განახლებულ ფორმატში და 11000 მოსწავლის მონაწილეობით ჩატარდება და მცირეკონტიგენტიანი სკოლების ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები. შემდეგ საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.