პროფესიული განათლების პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობაზე იმსჯელეს განათლების პოლიტიკის მეორე ფორუმზე, რომელიც UNICEF საქართველოს, მსოფლიო ბანკისა და თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ორგანიზებით გაიმართა.
პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. შედეგად, ბოლო პერიოდში ბევრი პოზიტიური ცვლილება განხორციელდა, კერძოდ, პროფესიული განათლება ყველა ასაკის ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდა, სწავლას სახელმწიფო აფინანსებს, კოლეჯები სტუდენტებს ინოვაციურ და გამორჩეულ სასწავლო გარემოს სთავაზობს, შემცირდა უმუშევრობის დონე პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა შორის. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო კერძო სექტორის პროფესიულ განათლებაში ჩართულობის გაზრდის კუთხით, აუცილებელია მათი მოტივაციის გაზრდა და ისეთი თანამშრომლობის შეთავაზება, რაც კერძო სექტორის საჭიროებებსაც მოერგება და ერთობლივად მოხდება შრომის ბაზრის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა.
ფორუმის ფარგლებში სწორედ იმ ნაბიჯებზე, მიდგომებსა და საჭირო რეკომენდაციებზე იმსჯელეს, რაც აუცილებელია პროფესიულ განათლებაში არსებული პრობლემების მოგვარებისა და მისი შემდგომი განვითარებისთვის.