მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არაერთ პროექტს თუ პროგრამას ახორციელებს, მათ შორისაა „წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების ქვეპროგრამა“, რომლის მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენა.
წელს ოქროს მედლები გადაეცემა საჯარო და კერძო სკოლების 1861 კურსდამთავრებულს, რომელთაც სკოლა 2015-2016 სასწავლო წელს დაასრულეს. მათ შორის 132 ქუთაისის წარმომადგენელია, მედლები მათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან მარიამ ჯაშთან და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.
მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები ეროვნული სასწავლო გეგმით რეგულირდება. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს.
მედალზე მითითებულია კურსდამთავრებულის სახელი, გვარი და სკოლის დასრულების წელი.