განათლების საერთაშორისო ცენტრი 2017 წლის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას აცხადებს.
სასტიპენდიო პროგრამის მიზანია საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს მიეცეთ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა. საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირი შეძლებს უფრო ეფექტიან საქმიანობას.
პროგრამის ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის საჭირო მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური კადრების მომზადება.
ამ სასტიპენდიო პროგრამის მეშვეობით სახელმწიფო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებული პირები შეძლებენ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის გავლის გზით თეორიული ცოდნის, პრაქტიკული უნარების, პროფესიული ჩვევების გაუმჯობესებას. კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის შინაარსი და თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შინაარსს.
კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა შეიძლება იყოს არაუმეტეს 3 თვის ვადის ხანგრძლივობის. კონკურსის საფუძველზე გაიცემა სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.
კონკურსის მსვლელობისას მხედველობაში მიიღება ინფორმაცია კონკურსანტის მიერ მოპოვებული ინსტიტუციური თანადაფინანსების შესახებ. პროგრამა არ ითვალისწინებს ნებისმიერი არასტანდარტული, მათ შორის: სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე, ელექტრონული ფორმის (online), დისტანციური, ინტეგრირებული, ე.წ. “Executive” პროგრამების დაფინანსებას.
განაცხადის შევსება და შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის ინგლისურ ენაზე შედგენილის) წარმოდგენა წარმოებს ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში https://app.iec.gov.ge/ ატვირთვის გზით.
საკონკურსო ვადაა - 2017 წლის 30 ივნისიდან 2017 წლის 20 ივლისის ჩათვლით (თბილისის დროით 19:00 სთ).
საკონკურსო პროცესისა და მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ - http://iec.gov.ge/4306.