საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და ფონდის თანამშრომლები ოყურეშის ახლად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლას ესტუმრნენ. სკოლის სრული რეაბილიტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში განახორციელა. კომპაქტის თანადაფინანსების სახით, სკოლის გარეთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ეზოს მოწყობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განახორციელებს.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ოყურეშის საჯარო სკოლაში სრულად რეაბილიტირებულია 1490 კვ მეტრი ფართი. რეაბილიტაციის სრული ბიუჯეტია $335,299.48. სამშენებლო სამუშაოები განახორციელა კომპანიამ Ltd MC Group (MCG). სკოლაში დღეისათვის 44 მოსწავლე სწავლობს, თუმცა სკოლას რეაბილიტაციის შემდეგ შეუძლია გაასამმაგოს მოსწავლეთა რაოდენობა.
2017 წლის აგვისტოში მოხდება აღნიშნული სკოლის ავეჯით და აღჭურვილობით გაწყობა. ფონდის დაფინანსებით ასევე მოეწყობა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. სკოლა მზადაა სექტემბერში მოსწავლეების მისაღებად.