საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, ირანის ისლამური რესპუბლიკის მეცნიერების, კვლევებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოჰამედ ფარჰადის ხელმძღვანელობით ორი სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა. ირანის ისლამური რესპუბლიკის მეცნიერების, კვლევებისა და ტექნოლოგიების მინისტრის გარდა, დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ ირანის ჯანდაცვისა და სამედიცინო განათლების სამინისტროს წარმომადგენლები.
ორმხრივ შეხვედრაზე, მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ამ მიზნით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერაც.
გარდა ამისა, მხარეებმა სტუდენტების გაცვლასა და დიპლომების ურთიერთაღიარების საკითხებზეც იმსჯელეს და ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.
საქართველოს საგანმანათლებლო-სამეცნიერო პოტენციალის გაცნობის მიზნით, ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მოინახულეს.