ქალაქ ვენაში მიმდინარე უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ჰოფბურგის სასახლეში საზეიმო მიღება - ქართული საღამო გაიმართა, რომელზეც მიწვეულნი იყვნენ კონფერენციის მონაწილეები, საქართველოსა და ავსტრიის მთავრობის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე ქართული კულტურის წარმოჩენის მიზნით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ანსამბლმა ქართული ცეკვები წარმოადგინა.
მიღების ფარგლებში, საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე- პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ. მინისტრმა ქართულ საგანმანათლებლო სისტემაზე ისაუბრა, მონაწილეებს გააცნო პროგრამა “ისწავლე საქართველოში“ (Study In Georgia) და ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა შესახებ. საღამოზე, მონაწილეებს საშუალება მიეცათ დაემყარებიათ საჭირო კონტაქტები, მათ შორის, განეხილათ უცხოურ უნივერსიტეტებთან ერთობლივი სასწავლო პროგრამების დანერგვის შესაძლებლობები.
სტუმრებს, ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა დაეგემოვნებიათ ქართული ღვინო და ეხილათ საქართველოში სწავლისა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა.