უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადავიდნენ. ამისთვის სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე - www.students.eqe.ge.
2017-2018 წლის სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობისათვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია დაიწყება 25 ივლისის 12:00 საათზე და 17 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.
მობილობაში მონაწილე პირები რეგისტრაციის დაწყებიდან შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით ეტაპობრივად მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. იმუშავებს მობილობის ცხელი ხაზი და სტუდენტებს დახმარებას გაუწევს: ტელ.: (+995 32) 2 200 220 (შიდა 3599).
მობილობის საფასური 40 ლარია, სოციალურად დაუცველი ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000 ქულას) წარმომადგენელი სტუდენტები გადასახადისაგან თავისუფლდებიან. მობილობის საფასურის გადახდა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში ან საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატების და ინტერნეტბანკის მეშვეობით.
მობილობაში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და გამოცხადებული ვაკანტური ადგილების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 21 ივლისიდან.
მობილობის შედეგები გამოქვეყნდება ელექტრონულ პორტალზე 23 აგვისტოს. დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებას.
ცენტრი მობილობით დაინტერესებულ პირებს ამჯერადაც სთავაზობს ღია კარის დღეებს 27 ივლისს, 8 და 15 აგვისტოს, 11:00 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ალექსიძის ქ. 1, ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)