საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა მსოფლიოში ცნობილ მეცნიერთან, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან, პროფესორ ანტონ ცაილინგთან. შეხვედრის თემა სამეცნიერო სფეროში და საერთო ევროპული კვლევების კუთხით თანამშრომლობის საკითხები იყო. შეხვედრაზე ასევე მოხდა შეთანხმება ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტზე.
ალექსანდრე ჯეჯელავა - საქართველოს მეცნიერებისა და განათლების რეფორმისთვის მთავარი პრიორიტეტია საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა, ავსტრიული მეცნიერება ნამდვილად არის ერთ-ერთი წამყვანი ევროპაში, როგორც საერთო ევროპული კვლევების კუთხით, ასევე გლობალური მიმართულებით. ამიტომ შევთანხმდით კონკრეტულ ნაბიჯებზე, მათ შორის ველით აკადემიის წარმომადგენლებს საქართველოში, იმისთვის, რომ მეტი ინფორმაცია გაიცვალოს ქართულ და ავსტრიულ საზოგადოებას შორის, დაიგეგმოს და საფუძველი ჩაეყაროს ერთობლივ პროექტებს სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით.
პროფესორი ანტონ ცაილინგი - ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გვესტუმრა. გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა საერთაშორისო თანამშრომლობის მიღწევებზე. გამოიკვეთა რიგი თემები, რაშიც უმჯობესია ერთობლივი მუშაობა. გაჩნდა იდეა, რომ დავაკავშიროთ ორივე ქვეყნის მეცნიერები და ვიფიქროთ რა შეიძლება გაკეთდეს მომავალში ერთობლივი თანამშრომლობით. მაგალითად, მოვაწყოთ სამეცნიერო კონფერენციები, ასევე შესაძლებელია ქართველი ახალგაზრდების მოწვევა ავსტრიაში, რათა გარკვეული პერიოდი გაატარონ ჩვენ სამეცნიერო კლუბში.