სკოლამდელი და ზოგადი განათლების რეფორმის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ესტონეთის მთავრობას, გაეროს ბავშვთა ფონდსა (UNICEF) და ფონდ „ინოვეს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ესტონურ სკოლებში მიღებული გამოცდილების და სკოლების საჭიროებების შეფასების შედეგების განხილვა მოეწყო. საპილოტე სკოლების დირექტორებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს და კოლეგებს სამომავლო გეგმები გააცნეს.
ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს ფონდი „ინოვე“ კონსულტირებას უწევს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტს 2018-2024 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის ფარგლებში.
დეპარტამენტი ახორციელებს ქართულ-ესტონურ პროექტს "ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაძლიერება საქართველოს ბავშვებისთვის". პროექტში 15 საპილოტე სკოლაა ჩართული და ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის პილოტირებას ისახავს მიზნად დაწყებით საფეხურზე.
მიმდინარე წლის მაისში ქართველი დირექტორები იმყოფებოდნენ ესტონეთში სამდღიან საგანმანათლებლო ტურზე, ადგილობრივი განათლების სისტემის, სასწავლო პროცესის გასაცნობად და გამოცდილების მისაღებად.
ღონისძიებას სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები დაესწრნენ.