ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი - ასეთი შედეგით დაბრუნდა დღეს მოსწავლეთა ექვსკაციანი გუნდი მათემატიკის 58-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადიდან (IMO 2017), რომელიც ბრაზილიაში, კერძოდ, რიო დეჟანეიროში გაიმართა. ასეთი შედეგი უპრეცედენტოა ჩვენი ქვეყნის განათლების ისტორიაში.
მათემატიკის ოლიმპიადაში 615 მოსწავლე მონაწილეობდა მსოფლიოს 111 ქვეყნიდან, რომელთა შორის საქართველოს ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრში მე-12 ადგილი (აქამდე საუკეთესო შედეგი 25-ე ადგილი იყო) დაიკავა, ხოლო ინდივიდუალურ შეჯიბრში - კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლე ალექსანდრე საათაშვილი მე-5 ადგილზე გავიდა, რაც ასევე უპრეცედენტო და საუკეთესო შედეგია ჩვენი ქვეყნისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია მე-9 კლასელი ნიკოლოზ ბირკაძის შედეგი, რომელმაც, უფრო მაღალი კლასისთვის განკუთვნილ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა, გაიარა შესარჩევი ტურები, პირველად წარსდგა მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
გაიცანით მედალოსნები: ოქროს მედალოსანი - ალექსანდრე საათაშვილი (კომაროვი, მე-12 კლასი); ვერცხლის მედალოსნები - საბა ლეფსვერიძე, ნიკოლოზ ბირკაძე (კომაროვი, მე-11 და მე-9 კლასი); ბრინჯაოს მედალოსნები - ირაკლი შალიბაშვილი, დავით თათოშვილი (ვეკუას სახელობის №42 საჯარო სკოლა, მე-12 კლასი), დავით ხვედელიძე (კომაროვი, მე-10 კლასი).
გუნდს ხელმძღვანელობდნენ - ლიდერი გიორგი ჭელიძე - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასისტენტ პროფესორი, თანალიდერი გივი ნადიბაიძე - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ასისტენტ პროფესორი; ასისტენტი უშანგი გოგინავა - მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი.
ამავე დღეს დაბრუნდა მოსწავლეთა ნაკრები გუნდი ფიზიკის 48-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადიდან (IMO 2017), რომელიც ინდონეზიაში კერძოდ, ქალაქ ჯოკიაკარტაში გაიმართა. ოლიმპიადაში მსოფლიოს 88 ქვეყნიდან წარდგენილი გუნდები მონაწილეობდნენ. საქართველოს ნაკრებმა სამი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო, რაც ასევე ძალიან კარგი შედეგია გასულ წელთან შედარებით. ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ - გიორგი გრიგოლია, გელა პატაშური (კომაროვი, მე-12 კლასი) და ზურაბ ჯაში (ვეკუას სახელობის №42 საჯარო სკოლა, მე-11 კლასი).
გუნდს ხელმძღვანელობდნენ: ლიდერი - გიორგი დალაქიშვილი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი; თანალიდერი - გრიგოლ ფერაძე ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ფუნდამენტური ფიზიკის მაგისტრანტი, ორგზის ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი; ასისტენტი მიხეილ გაბესკირია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სრული დაფინანსებითა და ორგანიზებით, ნიჭიერ მოსწავლეთა წახალისების არაერთი პროექტი ხორციელება, მათ შორისაა „საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების ქვეპროგრამა“, რომლის ფარგლებშიც, სამინისტრო უზრუნველყოფს პრესტიჟული საერთაშორისო საგნობრივი ოლიმპიადებისთვის საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდების ჯერ მომზადებას და შემდეგ მონაწილეობას. წელს სამინისტრო საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებზე მოსწავლეთა ნაკრებ გუნდებს ხუთ დისციპლინაში წარადგენს: ქიმია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა და ბიოლოგია.