ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა მუდმივმოქმედი საბჭოს ბოლო სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საბჭო 2017 წლიდან მოქმედებს და განვლილ პერიოდში ექვსჯერ შეიკრიბა. შეხვედრებზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი და ინიციატივა დაისვა. მათ შორის განხილული იქნა ბევრი პრობლემური საკითხი, რომელიც ეხებოდა სკოლების ინფრასტრუქტურას, გაზით და წყლით მომარაგებას, მოსწავლეთა ტრანსპორტირებას, პედაგოგთა ანაზღაურებას, სკოლების დაფინანსებას და სხვა. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს მიერ საბჭოზე დასმულ პრობლემათა 40% გადაიჭრა, ინიციატივების განხილვა და პრობლემების მოგვარების მიზნით მუშაობა მუდმივ რეჟიმში გრძელდება.
საჯარო და კერძო სკოლის დირექტორთა საბჭო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივით შეიქმნა. საბჭოს წევრებს სამ თვეში ერთხელ თავად სკოლის დირექტორები ირჩევენ. საბჭოს შემადგენლობაში ყველა ტიპის სკოლის წარმომადგენელია ( რეგიონის, დედაქალაქის, დიდი ქალაქების, მაღალმთიანი, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების, კერძო სკოლების, სპეციალიზირებული, ეროვნული უმცირესობების, მცირეკონტიგენტიანი, პროფესიული სკოლების).
საბჭოს სხდომებს მინისტრი და სამინისტროს ზედა დონის მენეჯმენტი ესწრება, რათა უფრო აქტიური გახდეს თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა სკოლებსა და სამინისტროს შორის. თითოეული დირექტორი საბჭოზე უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოადგენს როგორც საკუთარი ასევე, სხვა სკოლების პრობლემებს და ინიციატივებს.
სკოლის დირექტორთა საბჭო ახალი სასწავლო წლიდან ახალი შემადგენლობით გააგრძელებს მუშაობას.