ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ზრდასრულ მოსახლეობაში სახელმწიფო ენის შესწავლა სულ უფრო პოპულარული ხდება. ისინი სურვილს გამოთქვამენ შეისწავლონ სახელმწიფო ენა. საქართველოს განათლების სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ახალქალაქში, სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის სამცხე-ჯავახეთის ვიკარიატში, ეპარქიის თხოვნის საპასუხოდ, ქართული ენის სწავლება დაიწყო.
სომხური ეპარქიის ინიციატივით, სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში, A1 დონის ჯგუფი შედგა, რომელშიც ეპარქიის სასულიერო პირები და თანამშრომლები უფასოდ ეუფლებიან სახელმწიფო ენას, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის მოადგილე პეტრე კანკავა, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან მახარაშვილი და პარლამენტის დეპუტატები ახალქალაქის სომხურ ეპარქიაში ზემოხსენებული ჯგუფის მეცადინეობას დაესწრნენ და აღნიშნეს, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის აუცილებელია სახელმწიფო ენის ცოდნა, რათა მათ სრულფასოვნად მიიღონ ყველა ის სიკეთე და გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს.
ლია გიგაურის თქმით, ჟვანიას სკოლამ 160 მობილური ჯგუფი მოამზადა, რათა იქ, სადაც არსებობდა ენის შესწავლაზე მოთხოვნა, დაინტერესებულ პირებს საშუალება ქონდეთ ადგილზე მიიღონ საგანმანათლებლო სერვისი: „ ჩვენ სწორედ ერთ-ერთი ასეთი ჯგუფის გაკვეთილს დავესწარით. პირველად საქართველოს ისტორიაში, საეკლესიო პირებმა, სომხურენოვანი თემის წარმომადგენლებმა, გამოთქვეს სურვილი, რომ საკუთარ მრევლთან ერთად შეისწავლონ სახელმწიფო ენა. ეს მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.