საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად, საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მწვრთნელებს, პედაგოგებს შეხვდა და მიღწეული შედეგი მიულოცა.
მოსწავლეთა ნაკრები გუნდები მსოფლიო ოლიმპიადებზე წელს სამინისტრომ ხუთ დისციპლინაში - მათემატიკაში, ინფორმატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში წარადგინა, საიდანაც კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური, ვეკუას №42 საჯარო სკოლებისა და დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეები ოქროს, ვერცხლისა და ცხრა ბრინჯაოს, სულ 14 მედლით დაბრუნდნენ.
რიო დეჟანეიროში გამართულ მათემატიკის 58-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადიდან (IMO 2017), რომელშიც მსოფლიოს 111 ქვეყნის 615 მოსწავლე მონაწილეობდა, მოსწავლეთა ექვსკაციანმა გუნდმა ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც ქვეყნის განათლების ისტორიაში უპრეცედენტო შედეგია.
ორი ვერცხლის მედლით დაბრუნდა საქართველოს ნაკრები თეირანში გამართულ ინფორმატიკის 29-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადიდან (IOI 2017), რაც ინფორმატიკის ოლიმპიადების ისტორიაში ყველაზე რთული და მაღალი დონის შეჯიბრი იყო. შესაბამისად, ასეთი შედეგი, ქვეყნისთვის, დიდი წარმატებაა.
ინდონეზიაში გამართულ ფიზიკის 48-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე (IMO 2017), რომელშიც მსოფლიოს 88 ქვეყნიდან წარდგენილი გუნდები მონაწილეობდნენ, საქართველოს ნაკრებმა სამი ბრინჯაოს მედლის და ერთი საპატიო სიგელის მოპოვება შეძლო, რაც გასულ წელთან შედარებით, მაღალი შედეგია.
ტაილანდში გამართულ ქიმიის 49-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელშიც 75 ქვეყნის 297 მოსწავლე მონაწილეობდა, საქართველოს ნაკრები სამი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.
საერთაშორისო საგნობრივი ოლიმპიადებისთვის საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდების ჯერ მომზადება და შემდეგ ოლიმპიადებში მონაწილეობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სრული დაფინანსებითა და ორგანიზებით, ნიჭიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტის „საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების ქვეპროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. ნიჭიერი მოსწავლეების ხელშეწყობას, სამინისტრო, მომავალშიც გააგრძელებს.