საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ფრიბურგის კანტონს ეწვია და გრანჟენევის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტში, ფრიბურგის უნივერსიტეტსა და აგროკულტურის კვლევით ცენტრში სამუშაო შეხვედრები გამართა. ალექსანდრე ჯეჯელავა განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და სურსათის სექტორში დუალური პროფესიული სწავლებითა და გამოყენებითი კვლევების საკითხებით დაინტერესდა, გრანჟენევის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტში იგი ფრიბურგის კანტონის მთავრობის წევრ - მარი გარნიესთან ერთად, დუალური მომზადების სისტემას გაეცნო და სკოლის ბაზაზე არსებული ყველის საწარმო მოინახულა.
ვიზიტის ფარგლებში, ალექსანდრე ჯეჯელავა ასევე ეწვია ფედერალური სასოფლო-სამეურნეო კვლევების კვალიფიკაციის ცენტრს, გაეცნო როგორც აგროსკოპის საქმიანობას ცხოველების საკვების ოფიციალური კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით, წარმოებიდან მის კომერციალიზაციამდე, ასევე კვლევებს, რომლებიც ხორციელდება Green-Feed და DXA (ბი-ფოტონური რენტგენის სხივების შთანმთქმელი) სისტემების საშუალებით.
ფრიბურგის უნივერსიტეტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უნივერსიტეტის რექტორს, ასტრიდ ეპინეს შეხვდა და ერთად განიხილეს მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები.
29 აგვისტოს დაგეგმილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შეხვედრა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელთან - ელჩ მანუელ ზაგერთან, ეკონომიკის, განათლებისა და კვლევების ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან - ჯოან შნაიდერ ამანთან, და ასევე შვეიცარიის პროფესიული განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფო მდივანთან - მაური დელ ამბროჯიოსთან.