ქართულ-ესტონური პროექტის ფარგლებში ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საგნობრივი ექსპერტებისა და ესტონელი ექსპერტების მიერ 15 საპილოტე სკოლის თანამშრომლებისთვის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშემწყობი ტრენინგები ჩატარდა.
ტრენინგი კომპლექსურად განხორციელდა, რაც გულისხმობს სასკოლო საზოგადოების, როგორც ერთიანი გუნდის გაძლიერებას და სიახლეების დასანერგად მათ მომზადებას. შესაბამისად, გადამზადდნენ: დირექტორები, დირექტორების მოადგილეები და დაწყებითი საფეხურის პედაგოგები - ჯამში 70 პირი.
სასწავლო შინაარსის მართვაში სკოლის მენეჯმენტის შესაბამისად მომზადება გადამწყვეტია. ტრენინგის ფარგლებში სკოლის დირექტორებსა და მოადგილეებს, როგორც სასწავლო ხარისხის მართვაზე პასუხისმგებელ პირებს, ინფორმაცია მიეწოდათ ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებულ ცვლილებებზე.
ქართულ-ესტონური პროექტის ფარგლებში ასევე მომზადდა ინსტრუქციები დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის, რომელიც ადგილზე გადაეცათ ტრენინგის მონაწილე მასწავლებლებს. ინსტრუქციები დაეფუძნა ახალი საგნის „მე და საზოგადოების“ სტანდარტსა და აქტივობებს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მიმდინარეობს მუშაობა დაწყებითი საფეხურის საგნობრივ და ადმინისტრაციულ გზამკვლევებზე, რომელიც იქნება ძირითადი ორიენტირი პედაგოგებისთვის, თუ როგორ დაგეგმონ სასწავლო პროცესი გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებულად. გზამკვლევებზე მუშაობა მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება და 2018 წელს ხელმისაწვდომიო გახდება ყველა დაინტერესებული პირისთვის. გზამკვლევები დახმარებას გაუწევს სხვა ორგანიზაციებსაც სხვადასხვა საგნის პედაგოგთა გადამზადების პროცესში.