ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პირველად საქართველოში, პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოების კონკურს აცხადებს. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.
პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოება წარმოადგენს ღია კონკურსს, სადაც გამოვლინდებიან პირველ და მეორე ადგილზე გასული გამარჯვებულები შემდეგ ოთხ კატეგორიაში: წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი და წლის პროფესიული განათლების სტუდენტი. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სერთიფიკატებით და სპეციალური პრიზებით.
პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოების მიზანია პროფესიული განათლების იმიჯისა და რეპუტაციის ამაღლება, მისი მნიშვნელობისა და პრესტიჟის აღიარება, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებში, ასევე ინდივიდებში.
პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილოდებით გამოვლინდება ბოლო დროს განხორციელებული წარმატებული რეფორმები და საუკეთესო პრაქტიკის ისეთი მაგალითები, რომლებიც ხელს უწყობს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული განათლების განვითარებას ქვეყანაში.
დეტალური დოკუმენტაცია და ონლაინ განაცხადის ფორმა ატვირთულია დაჯილდოების ვებ-გვერდზე: www.awardtvet.ge. განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 6 ოქტომბერი. კანდიდატები შეფასდება დამოუკიდებელი ჟიურის მიერ. გამარჯვებულები გამოცხადდება პროფესიული განათლების გალა დაჯილდოებაზე, რომელიც გაიმართება 2017 წლის 31 ოქტომბერს.