ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენციია „უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო სარეიტინგო სისტემები“ მიმდინარეობს. კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის "ვისწავლოთ საქართველოში" ფარგლებში ტარდება და ხელს უწყობს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციონალურ განვითარებას და საქართველოს ცნობადობას გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე.
საერთაშორისო რეიტინგები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხისა და კვლევის ყველაზე მყარი და მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, ამიტომ საერთაშორისო რეიტინგებში ქართული უნივერსიტეტების გამოჩენა და პოზიციების გაუმჯობესება მნიშვნელოვანია საქართველოს საგანმანათლებლო პოტენციალისა და ცნობადობის ზრდისთვის. სწორედ ამიტომ, კონფერენციში მონაწილეობას იღებენ უმაღლესი განათლების მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები, როგორიცაა Times Higher Education - World University Rankings, U-Multirank, რომლებიც ქართულ უნივერსიტეტებს აცნობენ მათი წარმატების მიღწევის მეთოდოლოგიას და საქართველოს უნივერსიტეტებს ცნობადობის ამაღლების მიზნით, რეკომენდაციებს გაუწევენ.
კონფერენციას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე ესწრებოდნენ.