საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შს სამინისტროს ერთობლივი პროექტის – „შეისწავლე ისტორია – გახდი მკვლევარი“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. პროექტის მიზანი იყო შსს-ს არქივში დაცული და საზოგადოებისთვის უკვე ხელმისაწვდომი საქართველოს უახლესი ისტორიის მასალებით პროფესიონალი მკვლევარების გარდა ახალგაზრდების დაინტერესება. ასევე, მოსწავლეთა და სტუდენტთა კვლევის უნარების, კრიტიკული აზროვნების და წყაროზე მუშაობის სპეფიციკური უნარების განვითარება.
პროექტში 5 ჯგუფი მონაწილეობდა. საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა საკითხები თემატური ბლოკიდან – „უახლესი ისტორია“ შეარჩიეს. თითოეული მათგანი, შსს-ს არქივის თანამშრომლების მხარდაჭერით, შერჩეულ თემაზე ინდივიდუალურად მუშაობდა.
შეხვედრაზე პროექტის მონაწილე ჯგუფებმა საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია წარმოადგინეს, რის შემდეგაც ჟიურიმ მათ შორის საუკეთესო გამოავლინა. გამარჯვებული გახდა თბილისის N126-ე საჯარო სკოლის გუნდი. პროექტის ყველა მონაწილეს სიმბოლური საჩუქარი გადაეცა, გამარჯვებული ნაშრომი კი შსს-ს არქივის ჟურნალ „საარქივო მოამბეში“ დაიბეჭდება.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე, შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, თბილისის საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები.