საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი თბილისის 150-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც პირადად გაეცნო იმ საგანმანათლებლო პროგრამის მიმდინარეობას და შედეგებს, რომელიც საქართველოსა და ესტონეთის მთავრობას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. თანამშრომლობის მიზანია ზოგადი განათლების სფეროში გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება, იმ სიახლეებისა და გამოწვევების გაცნობა, რასაც ადგილი აქვს განათლების სფეროში.
ესტონეთის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ უმასპინძლა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოში ესტონეთის ელჩი კაი კაარელსონი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ლაილა ომარ გადი და პროგრამაში მონაწილე სკოლებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე არაერთხელ აღინიშნა, თუ როგორი მნიშვნელოვანია საქართველო-ესტონეთის პარტნიორობა, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ესტონეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.
საგანმანათლებლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის წახალისების მიზნით, სტუმრებმა პარტნიორ სკოლებს კომპიუტერული ტექნიკა (ლეპტოპები, პროექტორები და ეკრანები) და სერტიფიკატები გადასცეს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი 2014 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროსა და ფონდ INNOVE-სთან. თანამშრომლობის ფარგლებში, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა არაერთხელ უმასპინძლა ესტონელ ექსპერტებს. ესტონელი ექსპერტების ჩართულობით დაიგეგმა და მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზია. შედეგად უკვე რევიზირებული და დამტკიცებულია დაწყებითი საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024 წლებისთვის.
გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით, პროექტში "ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაძლიერება საქართველოს ბავშვებისთვის" ჩართულია თბილისისა და საქართველოს რეგიონების 15 საპილოტე სკოლა - ქ. თბილისის N150, ქ. თბილისის N156, ქ. ზესტაფონის N6, ქ. რუსთავის N6, ქ. საგარეჯოს N1, ქ. თბილისის N18, ქ. თბილისის N86, ქ. თბილისის N11, ქ. თბილისის N123, ქ. რუსთავის N7, ქ. რუსთავის N25, ქ. ზესტაფონის N1, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის, ქ. საგარეჯოს N4 საჯარო სკოლები და სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესსი“.
პროექტის საფუძველზე, 2017 წლის მაისში, ტალინში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 15 საპილოტე სკოლის დირექტორი ადგილზე გაეცნო ესტონეთის ზოგადსაგანმანათლებლო სისტემას და სასწავლო პრაქტიკას. 2017 წლის ივნისსა და სექტემბერში კი საქართველოში ჩატარდა ტრენინგები საპილოტე სკოლებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტისა და ესტონელი ექსპერტების მონაწილეობით. ტრენინგი ითვალისწინებდა სკოლაში ესგ-ს დანერგვაზე პასუხისმგებელი ყველა პირის ჩართვას: დირექტორი - მოადგილე - დაწყებითი საფეხურის პედაგოგი; ტრენინგზე განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ICT ტექნოლოგიების სწავლა-სწავლების პროცესში ინტეგრირების შესაძლებლობებს.
აღნიშნული თანამშრომლობა გაგრძელდება 2018 წელსაც და მის ფარგლებში დაიგეგმება ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების ხელშემწყობი სხვადასხვა აქტივობა.