დღეს საქართველოს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა ამერიკელ რეჟისორთან, დევიდ ლინჩთან და მისი ფონდის დელეგაციის წევრებთან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრებმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და პარლამენტის სხვა წევრებმა. საუბარი შეეხო დევიდ ლინჩის ინიციატივას თბილისში ახალი საერთაშორისო კინოსკოლის გახსნის თაობაზე.
განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა დევიდ ლინჩს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი მაღალი რანგის რეჟისორის ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივია. ჩხენკელის განმარტებით, ახალი საერთაშორისო კინოაკადემია გახდება რეგიონის ინტელექტუალური ცენტრი, სადაც პრაქტიკული სამუშაოს გარდა, სიღრმისეულად იმსჯელებენ კინემატოგრაფის ისტორიაზე, თეორიაზე და მის ფილოსოფიაზე. ამასთან, ეს იქნება მნიშვნელოვანი სივრცე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და ფესტივალებისთვის.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სამინისტროს სახელით სრული მზაობა გამოთქვა მხარი დაუჭიროს დევიდ ლინჩის ინიციატივას. მინისტრის თქმით გაღრმავდება თანამშრომლობა ახალი საერთაშორისო კინოაკადემიის დაარსების თაობაზე.