მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს 138 საჯარო სკოლაში. ერთ-ერთ მათგანს, თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ეწვივნენ და შრომითი უნარების კურსს დაესწრნენ საკონდიტრო და სარესტორნო საქმის მიმართულებით.
სკოლებში შრომითი უნარების გამომუშავებაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება კოლეჯებისა და სკოლების თანამშრომლობის ფარგლებში, კონკრეტული პროექტების საფუძველზე ხორციელდება. საუკეთესო პროექტები კონკურსის წესით შეირჩა. საკონკურსო განაცხადის წარმომდგენი და დაფინანსების მიმღები პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებაა, რომელიც ბენეფიციარ სკოლასთან/სკოლებთან აფორმებს თანამშრომლობის მემორანდუმს. პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში კულინარიას, საკონდიტრო და სარესტორნო საქმეს პროფესიული კოლეჯის „იკაროსი“ პედაგოგები ასწავლიან.
პროექტი ემსახურება სკოლის მოსწავლეებში პროფესიული პროგრამების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდასა და პროფესიული განათლების პოპულარიზაციას. პროგრამაში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი და მასში ამ ეტაპზე ჩართულნი
არიან საჯარო სკოლების VII, VIII და IX კლასის
მოსწავლეები.