უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ელექტრული ინჟინერიის ორი ახალი ლაბორატორია გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) პროგრამების სტუდენტებისთვის. ღონისძიებას დაესწრნენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მმართველი დირექტორი კატერინა ენტეპი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში ჰალილ გუვენი და სტუდენტები, საპატიო სტუმრები საქართველოდან და აშშ-დან.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, „ორი თანამედროვე ლაბორატორია საშუალებას მისცემს ჩვენ სტუდენტებს საერთაშორისო დონეზე დაეუფლონ ცოდნას, შეიძინონ ის უნარები, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ გახდნენ კონკურენტუნარიანები. მას შემდეგ, რაც დაასრულებენ სწავლას, სტუდენტები მიიღებენ ორ დიპლომს - სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომებს. ძალიან სასიხარულოა და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბევრი გოგონა სწავლობს საინჟინრო მიმართულებაზე.“
„STEM დარგების განვითარება და პარტნიორი უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ჩვენი პროექტის მნიშვნელოვანი ამოცანებია. მოხარული ვარ, რომ გავხსენით ელექტრული ინჟინერიის ლაბორატორიები თსუ-ში, რომლებიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიების ზუსტი ასლია. სტუდენტებს აქ შეეძლებათ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და უკეთ დაეუფლონ საკუთარ პროფესიას,“- განაცხადა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა ჰალილ გუვენმა.
„ლაბორატორიები ელექტრონულ ინჟინერიაში გაიხსნა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ამერიკული უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. შედეგად ახალგაზრდებს საშუალება აქვთ კონკურენტუნარიანი იყვნენ საერთაშორისო ბაზარზე,“- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ.
აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მმართველი დირექტორის კატერინა ენტეპის თქმით, „ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარი ინფრასტრუქტურა ორივე უნივერსიტეტისთვის, რადგან სწორედ STEM პროგრამებისთვის მნიშვნელოვანია თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საქართველოში უკვე მეორე კომპაქტს ახორციელებს. ამ კომპაქტის მთავარი ამოცანაა საქართველოში განათლების სექტორის დახმარება.“
თსუ-ს მეთერთმეტე კორპუსში გარემონტდა და უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვა 1700 კვადრატული მეტრი ტერიტორია, რომელზეც განთავსდა საკლასო ოთახები, კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის ლაბორატორიები და სამუშაო სივრცეები. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებისთვის განკუთვნილი სასწავლო აუდიტორიები, საინჟინრო, სამეცნიერო და კომპიუტერული ლაბორატორიების აღჭურვილობა ამერიკის შეერთებულ შტატებში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული კრიტერიუმების მიხედვითაა მოწყობილი. ეს საშუალებას მისცემს სტუდენტებს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნიკურ დარგებში წარმატებული პროფესიული კარიერისთვის მოემზადონ.