საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, „ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიციის“ მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრაზე სტუდენტებმა ექსპედიციის შედეგებზე და მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, სადაც ხაზი გაუსვეს „ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიცია 2017“ - ის განხორციელებაში მიხეილ ჩხენკელის, როგორც მაშინ უნივერსიტეტის პრორექტორის განსაკუთრებულ როლს.
ერთთვიანი საზაფხულო ექსპედიციები ჯავახეთში 2001 წლიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს ლოცვა-კურთხევითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადგომით, ყოველწლიურად 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე ეწყობა. ექსპედიციებში სტუდენტები სხვადასხვა საქმიანობით არიან დაკავებულნი: მონაწილეობენ ადგილობრივი უძველესი ეკლესია-მონასტრების დასუფთავების, აღდგენით სამუშაოებში, აწყობენ ექსკურსიებს, ეცნობიან სამცხე-ჯავახეთს და ამავე დროს სოფლის მოსახლეობასთან ერთად კულტურულ-შემეცნებით საღამოებს აწყობენ.