საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლითაც მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისათვის აუცილებელი ერთობლივი პროგრამების განხორციელება გაგრძელდება. კერძოდ, პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა დაეუფლონ მათთვის სასურველ პროფესიას და სასჯელის მოხდის შემდეგ დასაქმდნენ.
მსჯავრდებულთა პროფესიული გადამზადება 2014 წლიდან არის ხელმისაწვდომი და ოთხი წლის განმავლობაში, 41 მოკლევადიანი პროფესიული პროგრამა (ტრეინინგ-კურსი, მოდული) 2582-მა მსჯავრდებულმა გაიარა. გადამზადების მსურველთა დინამიკა ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად, პროექტი გაგრძელდება და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასჯელაღსრულების სამინისტროსთან ერთად, პროფესიული მომზადების პროგრამების ხელმისაწვდომობით, უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულების, პირობით ვადამდე გათავისუფლებულებისა და პირობით მსჯავრდებულების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობას.