საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე თბილისის 52-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც პრეზიდენტის ინიცირებული პროექტის ”ALUMNI-ს” ფარგლებში სკოლის კურსდამთავრებულის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თეიმურაზ იობიძის ფინანსური მხარდაჭერით ერთ-ერთი საკლასო ოთახი გარემონტდა და სათანადო ინვენტარით აღიჭურვა. ”მაქვს შესაძლებლობა ჩემს სკოლას დავეხმარო, რომელთანაც ბევრი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს. მინდა ამ სახით გამოვხატო მადლიერება სკოლის მიმართ, რომელშიც თერთმეტი წელი გავატარე” - განაცხადა თეიმურაზ იობიძემ.
”წარმატებულ კურსდამთავრებულთა კლუბ ALUMNI-ს” პროექტის ჩამოყალიბება და განვითარება განათლების რეფორმის მეორე ეტაპის ფარგლებში დაიწყო. ახალ ინიციატივას ქვეყნის მასშტაბით ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული გამოეხმაურა, პროექტმა მათ საშუალება მისცა საკუთარი წვლილი შეეტანათ მშობლიური სკოლის კეთილდღეობასა და წარმატებაში.