საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი პროგრამა - ათასი სკოლა ხორციელდება. პროგრამის პირველ ეტაპზე ქვეყნის რეგიონების 1000 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი უკვე გადამზადდა და ისინი მზად არიან განსაკუთრებული როლი შეასრულონ მომავალი თაობების აღზრდის პროცესში.
საქართველოს მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე სპორტის მასწავლებლებს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ლევან კობიაშვილთან ერთად შეხვდნენ.
პროექტის ფარგლებში, ფეხბურთის ფედერაციამ სპორტის მასწავლებლებისათვის სპეციალური წესების წიგნი შეადგინა და გამოსცა. წიგნში დეტალურად არის გაწერილი 6-11 წლამდე ბავშვებისთვის მზადების პროცესის წარმართვის გეგმა, რის მიხედვითაც მასწავლებლები სავარჯიშო პროცესს ჩაატარებენ.
ღონისძიების ფარგლებში, წესების წიგნი შესაბამის ეკიპირებასთან ერთად გადაეცათ გადამზადებულ პედაგოგებს. მოგვიანებით საჯარო სკოლები ყველა საჭირო ინვენტარს მიიღებენ სრულფასოვანი სავარჯიშო პროცესის ჩასატარებლად. მასწავლებლები იმუშავებენ დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან, რადგან ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების განვითარების მიმართულების განსასაზღვრად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ჯანმრთელი მომავლის შექმნის თვალსაზრისით. მასწავლებლების გადამზადებაზე იმუშავეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისმა სპეციალისტებმა და ინსტრუქტორებმა.