საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად მასშტაბურ პროექტს - „ჩვენი ჯარი“ იწყებს. პროექტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლებში, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიის, მიზნებისა და ამოცანების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის, შეიარაღებულ ძალებში განათლების შესაძლებლობების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, საერთაშორისო მისიებში და საერთაშორისო წვრთნებსა და სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ლექციებს წაუკითხავენ. პროექტის მიზანი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებაა. პროექტი 10 აპრილიდან იწყება და საქართველოს რეგიონებს ეტაპობრივად მოიცავს.
პროექტი „ჩვენი ჯარი“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში წარადგინეს, სადაც მოსწავლეებს პროექტის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციას გააცნეს და პირველ ლექციას დაესწრნენ.