საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, ვერნერ ლიპახსა და საქართველოში ბანკის ადგილობრივ წარმომადგენელს, იეშინ ელჰან-კაიალარს შეხვდა.
შეხვედრის დასაწყისში მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბანკის წარმომადგენლებს საქართველოში განხორციელებული ინვესტიციებისთვის და განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურა. მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროექტზე, რომელიც საჯარო სკოლების მზის ენერგო პანელებით აღჭურვას გულისხმობს. მინისტრმა აღნიშნა, რომ გარდა გარემოს დაცვასთან და ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული სარგებელისა, მნიშვნელოვანია რომ პროექტი მოსწავლეებს მეცნიერებასთან და ინოვაციებთან დააკავშირებს.
აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა თავის მხრივ, კმაყოფილება გამოხატეს არსებული თანამშრომლობით და დეტალური პროექტის მომზადების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გარდა მზის ენერგო პანელებთან დაკავშირებული პროექტისა, ბანკი შეისწავლის სხვა მიმართულებებითაც თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებაზე, რომელიც თანამშრომლობის კონკრეტულ დეტალებზე იმუშავებს.