ბაქოში მიმდინარე უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) ყოველწლიურმა კონფერენციამ „გლობალიზაცია და ახალი გამოწვევები უმაღლეს განათლებაში“ სტარტი დღეს ბაქოში აიღო. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აზერბაიჯანის ნავთობისა და ინდუსტრიის უნივერსიტეტს ამ ღონისძიების ორგანიზებისათვის და ასევე, საქართველოს უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა საქართველოსა და აზერბაიჯანის სამეცნიერო და აკადემიურ წრეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა, რაც მოძმე ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას კიდევ უფრო აძლიერებს. მან ყურადღება გაამახვილა ასევე უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილ სიახლეებზეც და განმარტა, რომ თუ წინა წლებში მთავარი ამოცანა განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა იყო, ახლა დადგა დრო, მთავარი მიზანი განათლების სისტემის ყველა დონეზე განათლების ხარისხის უზრუნველყოფა გახდეს.
მიხეილ ჩხენკელმა ისაუბრა უმაღლესი განათლების ავტორიზაციის საერთაშორისო სტანდარტებზეც, რომლის წყალობით, საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტები, ახალგაზრდებს მსოფლიო სტანდარტების, თანამედროვე სამყაროს გამოწვევების შესაბამის ცოდნასა და სასწავლო პროცესს შესთავაზებენ. ხაზი გაუსვა ასევე უნივერსიტეტების დაფინანსების ახალ, უფრო ეფექტურ მოდელს, რომელიც უნივერსიტეტებს კვლევების მასშტაბების გაზრდისა და ტექნოლოგიების განვითარების საშუალებას მისცემს.
გამოსვლაში მინისტრმა ყურადღება საუნივერსიტეტო და სამეცნიერო სფეროთა ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა და ამ კუთხით განათლების საერთაშორისო ცენტრის მუშაობას შეეხო, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ მიღებული ცოდნა და უცხოელ კოლეგებთან დამყარებული საქმიანი ურთიერთობები საკუთარ ქვეყანას მოახმარონ.
გამოსვლის ბოლოს მინისტრმა განმარტა, რომ მიესალმება 2020 წელს IAUP-ის შემაჯამებელი კონფერენციის თბილისში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებას. მიმდინარე კონფერენციის მონაწილეებს კი წარმატება უსურვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბაქოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობს.