საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ინან გალალის შეხვდა და უმაღლესი განათლების კუთხით არსებული გამოწვევები, მათ შორის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს.
მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრაზე სამინისტროს ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც 3 ათას სტუდენტზე გათვლილ საერთო საცხოვრებელს გულისხმობს და რომელიც როგორც საჯარო, ასევე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს მოემსახურება. მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებიდან და საზღვარგარეთიდან ჩამოსული სტუდენტების საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რაც სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია.
ინან გალალის, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მრავალი სასტუმროს და სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის მფლობელია, ქართულმა მხარემ საქართველოში საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებლების მშენებლობის პროექტში ჩართვა შესთავაზა.
IAUP-ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ამ კუთხით ინვესტიციის განხორციელებით დაინტერესდა და გადაწყდა, რომ უახლოს მომავალში, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აღნიშნული პროექტის დეტალური განხილვა მოხდება.