თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის მართლწერის კონკურსის ეროვნული-საფინალო რაუნდი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ გახსნა.
„ინგლისურის ენის მართლწერის ნაციონალური კონკურსი“ (NESC-GE) ამერიკული პროექტის, “Spelling BEE”- ს ანალოგია და წელს უკვე მეხუთედ იმართება საქართველოში. მასში ჩართულნი არიან მე-8 - მე-12 კლასის მოსწავლეები საქართველოს 12 რეგიონიდან. წლევანდელ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 3600-ზე მეტმა მოსწავლემ, 450-მა მასწავლებელმა და 260-მა სკოლამ. კონკურსი სამი ეტაპისგან შედგება. მონაწილეები ერთმანეთს რთული ინგლისური სიტყვების დამარცვლაში ეჯიბრებიან. ეს კონკურსი უნიკალურ შესაძლებლობებს აძლევს ქართველ ბავშვებს და მათ მასწავლებლებს გაიუმჯობესონ ინგლისური ენის უნარები, წარმოაჩინონ თავიანთი სკოლა და თემი და გახდნენ ეროვნული კონკურსის მონაწილეები.
NESC-GE საქართველოში მშვიდობის კორპუსის მოხალისეების მიერ დაფუძნდა და მას, როგორც ეროვნული მნიშვნელობის მქონე პროექტს, მხარს უჭერს ისეთი ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციები და ინსტიტუციები, როგორიცაა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ამერიკის საელჩო, ამერიკის მშვიდობის კორპუსი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბრიტანეთის საბჭო საქართველოში, PH International; IWA; და ბევრი სხვა.