საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, სამუშაო შეხვედრა გამართა გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) კავკასიის, თურქეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალურ დირექტორთან მაია ავრამოვსკასთან და ამავე ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან ლალი სანთელაძესთან.
აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს, განვითარების გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნებში, ზრდასრულ მოქალაქეთა განათლების სისტემის განვითარება და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობა.
შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს ზრდასრულ მოქალაქეთა განათლების ხელშეწყობის შესაძლებლობები, როგორც პროფესიული გადამზადების, ისე კულტურულ-საგანმანათლებლო და პერსონალური განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განხორციელების მიმართულებით.
მინისტრმა აღნიშნა, რომ „DVV International“-ის საქმიანობის სპეციფიკა შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებთან, რომელიც გულისხმობს საქართველოს რეგიონის განვითარებას, რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისათვის მრავალფეროვანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის გზით.
მიხეილ ჩხენკელმა სტუმრებს გააცნო საგანმანათლებლო პროექტი, რომლის მიზანია სოფლის, განსაკუთრებით მთიანი რეგიონის, სკოლების საგანმანათლებლო ცენტრებად გადაქცევა, სადაც თავს მოიყრის ყველა ასაკის, მათ შორის ზრდასრულებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამა.