საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, განვითარებისა და თანამშრომლობის შვეიცარიის სააგენტოს გენერალურ დირექტორს, მანუელ ზაგერს, სააგენტოს ევრაზიის განყოფილების უფროსს, კლაუდიო ტონიოლას, შვეიცარიის ელჩს საქართველოში, ლუკას ბელინგერს, შვეიცარიის თანამშრომლობის სამსახურის დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, ოლივიერ ბიურკსა და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს საქართველოში, ბექა თაგაურს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეები და პროფესიული განათლების მზარდი როლი ამ პროცესში.
მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა საშუალებებით შეიძლება პროფესიული განათლება მოერგოს კერძო სექტორის საჭიროებებს, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის შემცირებას და მათი შემოსავლების ზრდას.
შვეიცარია 2012 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პროფესიული განათლების განვითარების კუთხით და წარმატებით უზიარებს ქართულ მხარეს გამოცდილებას ამ სფეროში.