საქართველო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის ევროპული ასოციაციის (COST) წევრი ქვეყანა გახდება და ქართველი მეცნიერები და მკვლევარები ევროპელ კოლეგებთან ერთად ჩაერთვებიან სამეცნიერო კვლევებსა და ექსპერიმენტებში. ამ საკითხზე შეთანხმება მოხდა და მომავალ ურთიერთობებზე საუბარი წარიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის შეხვედრისას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის ევროპული ასოციაციის (COST) პრეზიდენტთან, სიერდ კლოტინგთან და ასოციაციის სხვა წარმომადგენლებთან.
სიერდ კლოტინგის განცხადებით, ასოციაციის უმთავრეს მიზანს ევროპელი მკვლევარებისთვის საერთაშორისო კავშირების დამყარებაში ხელშეწყობა წარმოადგენს. შესაბამისად, ევროპული ასოციაცია მზადაა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ქართველ მეცნიერებს გზა გაუხსნას საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე.
შეხვედრის ფარგლებში, მიხეილ ჩხენკელმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ევროპულ კვლევით სივრცეში ინტეგრაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე. ასევე, მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით არსებულ და დაგეგმილ პროექტებზე.
მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, სიერდ კლოტინგმა ევროპული ასოციაციის წევრებთან ერთად, „COST“ აქციების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა . ღონისძიებაზე დამსწრე აკადემიურ საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია „COST“ ასოციაციის საქმიანობის შესახებ, „COST“ აქციებით გათვალისწინებული შესაძლებლობებისა და მასში მონაწილეობის წესების შესახებ.