თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროცესში ეფექტური გამოყენების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, Microsoft-ის ევროპის ოფისის მენეჯერთან, მიროსლავ დვორაკთან, და Microsoft-ის საქართველოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე Microsoft-ის წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო პროექტის Minecraft Education Edition პრეზენტაცია წარმოადგინეს და მინისტრთან ერთად მისი საჯარო სკოლებში დანერგვის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
„Minecraft Education Edition“ თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელსაც სკოლის პედაგოგები სხვადასხვა საგნის სწავლების დროს იყენებენ. იგი ხელს უწყობს მოსწავლეებში სივრცითი, ლოგიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
პირველ ეტაპზე „Minecraft Education Edition“-ის საშუალებით პროგრამირების სწავლება საპილოტე რეჟიმში დაიწყება და შემდგომ ეტაპზე ჰუმანიტარულ საგნებსაც მოიცავს.
საპილოტე სკოლებისთვის პედაგოგების გადაამზადება უკვე დაწყებულია.