სასკოლო სახელმძღვანელოების გამარტივებული წესით შესყიდვასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, რომ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, სამინისტრო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესს აწარმოებს გამჭვირვალედ, ღიად და საჯაროდ. შედეგად, ახალ სასწავლო წელს, I-VI კლასის მოსწავლეები, ყველა პარამეტრით გაუმჯობესებული სახელმძღვანელობით ისწავლიან.
გრიფირების პროცესს სამინისტრო 2017 წლიდან ახორციელებს. მასში ჩართულია 180 შემფასებელი, რომლებიც შემოსულ პაკეტებს 60-მდე კრიტერიუმის მიხედვით აფასებს.
გრიფირების პროცესის პირველივე დღიდან, სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ სახელმძღვანელობის შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, ფასის და ხარისხის შეწონვის პრინციპით, სადაც განმსაზღვრელი როლი ხარისხს და არა ფასს ენიჭება.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მოქმედი შესყიდვების კანონმდებლობაში არ არსებობს მრავალკომპონენტიანი, მრავალეტაპიანი შესყიდვების პროცედურა, სადაც შეიძლება ერთზე მეტი გამარჯვებული გამოვლინდეს, სამინისტროს მიერ ზედმიწევნით შესწავლილი იქნა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, რომლის საფუძველზეც, სახელმძღვანელოების შესაძენად შეირჩა მსოფლიო ბანკის სანიმუშო სატენდერო რეკომენდაციები ,,Request for Bids Textbooks and Reading Materials'' (2017 წლის ოქტომბრის რედაქციით).
შესაბამისად, მიმდინარე წლის 4 მაისს, სამინისტრომ მიმართა შესყიდვების სააგენტოს შესყიდვების შესახებ კანონის 10-ე პირველი მუხლის მე-3 პუნქტის დ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდვის განხორციელებაზე, რაც გულისხმობს არა ერთ პირთან მოლაპარაკებით შესყიდვას, არამედ ორიენტირებულია პროცესის დადგენილ ვადებში ჩატარებაზე.
რაც შეეხება სატენდერო მოდელს, მისი გაცნობა გრიფირების პროცესის მონაწილეებისთვის ჯერ კიდევ 2017 წელს, გრიფირების წესის დამტკიცების პარალელურად მოხდა.