საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე თევზაძე სალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ პერიკლეს მიტკასს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა განათლებისა და მეცნიერების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, ხაზი გაესვა სალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტისა და საქართველოს უმაღლეს საგანანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთობების დამყარებისა და გაღრმავების, ასევე ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ სალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტმა გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები ორ უნივერსიტეტთან, კერძოდ, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან.
სალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტი 1925 წელს დაარსდა და საბერძნეთის უდიდესი უნივერსიტეტია. უნივერსიტეტში აქტიური კვლევით საქმიანობა მიმდინარეობს მეცნიერების სხვადასხვა სფეროში.