საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში ლიდერი სკოლის le Roshes-ს პრეზენტაციას დაესწრო. le Roshes ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ბაზაზე, სასტუმროების მენეჯმენტის საერთაშორისო პროგრამით დაიწყებს ფუნქციონირებას, რაც მსურველებს შესაძლებლობას მისცემს მიიღონ მაღალი დონის საერთაშორისო განათლება ტურიზმის მიმართულებით.
პირველ ეტაპზე, პროგრამა განკუთვნილია ტურიზმის სფეროში დასაქმებული საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის, რომელთა მომზადების პროცესში ჩართულები იქნებიან le Roshes-ს პრაქტიკოსი ლექტორები და სპეციალისტები. ხოლო მეორე ეტაპზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, le Roshes-ისა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხარდაჭერით, დაფუძნდება ტურიზმის სკოლა, სადაც მომზადდებიან ქვედა და საშუალო რგოლის კადრები. ახალი თანამშრომლობა უზრუნველყოფს ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი, მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებასა და ტურიზმის შემდგომ განვითარებას.
le Roshes-ს მსოფლიო აღიარება მოუტანა ინოვაციურმა საგანმანათლებლო პროგრამებმა, რაც პრაქტიკისა და თეორიის სინთეზს ეფუძნება. 2018 წელს, დამსაქმებელი ორგანიზაციების მიერ le Roshes ტურიზმის ინდუსტრიაში ლიდერად დასახელდა.