საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს, გერმანიის საელჩოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციისა (GIZ) და განვითარების ბანკის (KFW) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა, საქართველოში პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზების საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვისა და განხორციელების ეტაპზე, საქართველოს სხვადასხვა პროექტებით, დახმარებას უწევს გერმანიის მთავრობა, კერძოდ, GIZ-ის მიერ დაგეგმილია სამუშაოზე დაფუძნებული-დუალური განათლების მასშტაბების ზრდა შემდეგი მიმართულებებით: მშენებლობა, ინფორმაციის ტექნოლოგიები, საფინანსო სერვისები და სატრანსპორტო სექტორი. ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ასევე იგეგმება საგანმანათლებლო კოლეჯებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობითი ქსელის გაფართოება, რათა გაძლიერდეს სისტემაში დამსაქმებელთა ჩართვის ინტერესი, გაუმჯობესდეს სწავლების ხარისხი და სისტემა გახდეს უფრო მეტად მორგებული შრომის ბაზრის მოთხოვნებზე.
ასევე, განვითარების ბანკთან (KFW) ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, იგეგმება ინფრასტრუქტურული ინვესტიციების განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული განათლების მიმწოდებელი ცენტრების მოდერნიზებას და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას.