„გენერალი გიორგი კვინიტაძე - გაცოცხლებული ისტორია“ - ამ სახელწოდების გამოფენა, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიეში გაიმართა, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე და დამოუკიდებლობის დღისთვის საქართველოში სპეციალურად ჩამოსული ემიგრანტები, მათ შორის გენერალ კვინიტაძის შთამომავლები დაესწრნენ.
ქართველმა საზოგადოებამ გენერალ გიორგი კვინიტაძის აღდგენილი სამოსი - გენერლის მუნდირი, ორი სამხედრო ფარაჯა, ჩოხა და ახალუხი, ქალიშვილის - ნანო კვინიტაძის ეროვნული კაბა, ასევე სამხედრო მოღვაწის ხელნაწერები, ხატი და ხმოვანი ჩანაწერები გამოფენაზე პირველად იხილა.
საზოგადოებას წარედგინა ვიდეორგოლი საქართველოს ისტორიაში გენერლის როლისა და მისი პიროვნების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ვიდეორგოლსა და წიგნებში გამოყენებულია კალიგრაფ დავით მაისურაძის მიერ სპეციალურად შექმნილი გიორგი კვინიტაძის სახელობითი შრიფტი.
გენერლის სამოსის აღდგენის პროცესი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით განხორციელდა.
2007 წელს, საფრანგეთში მცხოვრებმა კვინიტაძის ქალიშვილმა, ნანომ, გენერლის პირადი არქივი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადასცა. 2014 წელს, გენერალ კვინიტაძის სამოსის კოლექციის აღდგენის პროცესში ახალგაზრდა კალიგრაფები ჩაერთნენ. მათ უნიკალური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვით შეძლეს გარკვეული თანხის მობილიზება, რაც კოლექციის მცირე ნაწილის აღდგენას მოხმარდა, რის შემდეგაც გენერალ კვინიტაძის სრული კოლექციის რესტავრაციის საკითხში თავდაცვის სამინისტრო ჩაერთო და პროცესის ფინანსური უზრუნველყოფა სრულად საკუთარ თავზე აიღო.
გენერალ კვინიტაძის სამოსის კოლექცია უმძიმეს მდგომარეობაში იყო. სარესტავრაციო სამუშაოები საქართველოს ეროვნული მუზეუმის რესტავრაცია-კონსერვაციის ჯგუფის წევრებმა - ნინო სოხაშვილმა, მეგი ხუბულურმა, მანანა პაპიძემ და ნანა ჯავშანაშვილმა 6 თვის განმავლობაში ჩაატარეს.
გენერალ კვინიტაძის აღდგენილი სამოსი ერთი წლით თავდაცვის სამინისტროში განთავსდება, მოგვიანებით კი, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გიორგი კვინიტაძის სახელობის კაბინეტში გადაინაცვლებს, რომელსაც ეროვნული დღესასწაულების აღნიშვნისას მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება.
გამოფენაზე სტუმრებს საჩუქრად გიორგი კვინიტაძის „ჩემი მოგონებების“ ორტომეული გადაეცათ, რომელიც საზოგადოების დიდი ინტერესის გამო, მესამედ გამოიცა.