საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children) ორგანიზებით, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული კონფერენცია გაიმართა თემაზე „ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარება“. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი კონფერენციის თბილისში ჩატარება საქართველოში ინკლუზიური განათლების განვითარების მაღალმა დონემ განაპირობა. მონაწილეებმა, საქართველო სწორედ იმიტომ აირჩიეს, რომ ქართულ გამოცდილებას ადგილზე გაცნობოდნენ.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული ინკლუზიური განათლების მოდელი, მიმდინარე პროექტები, „ინკლუზიური განათლების განვითარების 2018-2021“ სტრატეგია და პრიორიტეტები. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებმა კი, აუდიტორიას თავის მხრივ, ინკლუზიური განათლების საკუთარი მოდელები, სისტემის სუსტი და ძლიერი მხარეები გააცნეს.
კონფერენციის მხარდამჭერი საერთაშორისო ორგანიზაციის ”გადავარჩინოთ ბავშვები” (Save the Children) საქართველოსთან თანამშრომლობა 1993 წელს დაიწყო და 25 წელია საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობით, წარმატებით ახორციელებს ბავშვთა დაცვის, ფორმალური და არაფორმალური განათლების, სოციალური და ეკონომიკური განვითარების და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროექტებს. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი საზოგადოების ფორმირებას, სადაც ყველა ბავშვს აქვს გადარჩენის, ზრუნვის, განათლების, ჯანდაცვისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის უფლება.